ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე შექმნილი საკოლექციო მონეტების გაყიდვას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტების რეალიზაციას დღეიდან იწყებს. მონეტის ფასი 60 ლარს შეადგენს.
ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე შექმნილი საკოლექციო მონეტების გაყიდვას იწყებს

აღნიშნული მონეტის გამოშვებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება 2017 წელს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში დაგეგმილ ღვინის საერთაშორისო გამოფენას, სადაც საქართველო პირველი საპატიო სტუმრი და მევენახეობა - მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიების მთავარი მასპინძელია.

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით. მუქი წითელი ფერით გამოსახულია ღვინო ქვევრში. ქვევრს გასდევს ვაზის გამოსახულება. მონეტის რკალს ქვედა ნაწილში წრიულად გასდევს შემდეგი წარწერები: "საქართველო", "2017", "GEORGIE"( "საქართველო" ფრანგულ ენაზე), "5 ლარი".

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მდებარე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის გრაფიკული გამოსახულება. მონეტის მარჯვენა ზედა ნაწილში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი და ლარის სიმბოლო, ხოლო რკალს წრიულად გასდევს წარწერა ფრანგულ ენაზე "LA GÉORGIE - PREMIER VIGNOBLE INVITÉ DE LA CITÉ DU VIN DE BORDEAUX" (საქართველო - ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრის პირველი საპატიო სტუმარი).

მონეტა, რომლის გამოშვების რაოდენობა 1500 ცალია, იაპონიის ზარაფხანაში (Japan Mint) მოიჭრა. მონეტის სარეალიზაციო ფასი 60 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელია დღეიდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (მის: თბილისი, კახეთის გზატკეცილი N72) და ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.

pia.ge
читайте также