მიხეილ ჩხენკელი - ახალი საერთაშორისო კინოაკადემია რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი გახდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ახალი საერთაშორისო კინოაკადემია რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი გახდება.
მიხეილ ჩხენკელი - ახალი საერთაშორისო კინოაკადემია რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი გახდება

დღეს საქართველოს პარლამენტში ამერიკელ რეჟისორთან, დევიდ ლინჩთან და მისი ფონდის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრებმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და პარლამენტის სხვა წევრებმა. საუბარი შეეხო დევიდ ლინჩის ინიციატივას, თბილისში ახალი საერთაშორისო კინოსკოლის გახსნის თაობაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დევიდ ლინჩს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი მაღალი რანგის რეჟისორის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია. ჩხენკელის განმარტებით, ახალი საერთაშორისო კინოაკადემია გახდება რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი, სადაც პრაქტიკული სამუშაოს გარდა, სიღრმისეულად იმსჯელებენ კინემატოგრაფის ისტორიაზე, თეორიაზე და მის ფილოსოფიაზე. ამასთან, ეს იქნება მნიშნველოვანი სივრცე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და ფესტივალებისთვის.

სამინისტროს სახელით მინისტრმა სრული მზაობა გამოთქვა მხარი დაუჭიროს დევიდ ლინჩის ინიციატივას. მინისტრის თქმით, გაღრმავდება თანამშრომლობა ახალი საერთაშორისო კინოაკადემიის დაარსების თაობაზე.

pulse.ge
читайте также