შეწყალებული თეა სირაძე პარლამენტში იმუშავებს

ხუთი ინდოელი კაცის ცემისთვის მსჯავრდებული ოთხი შვილის დედა, თეა სირაძე, დეპუტატ ირმა ინაშვილის შეთავაზებას დათანხმდა, გახდეს მისი თანაშემწე პატიმარ ქალთა უფლებების დაცვის საკითხში.
შეწყალებული თეა სირაძე პარლამენტში იმუშავებს

"ირმა ინაშვილის შეთავაზება მიღებულია და მე ვთანხმდები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირმას, რომ ეს შანსი მომცა. მისი გვერდში დგომისთვის ბედნიერი ვარ, მინდა ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო",- აღნიშნა თეა სირაძემ.

"პირველთან" საუბარში თეა სირაძე ამბობს, რომ მას პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არაერთხელ მიუმართავს, თუმცა ყოველ ჯერზე უარი მიიღო.

"ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან აღარ მჯეროდა. უკვე იმედი აღარ მქონდა. უამრავჯერ გავგზავნე შეწყალებაზე წერილი და სულ უარს ვიღებდი. ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი. არასოდეს მეუბნებოდნენ, რა მიზეზით არ მიწყალებდნენ",- აცხადებს თეა სირაძე.

ირმა ინაშვილმა თეა სირაძეს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა გუშინ, გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში შეთავაზა.

კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, 37 წლის თეა სირაძე 2010 წელს, 5 ინდოელი კაცის ცემის გამო თბილისში დააკავეს.

თეა სირაძე სასჯელს რამდენიმე მუხლით იხდიდა, რომელთა შორის არის თაღლითობა, გამოძალვა და ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთა. თუმცა თვითონ მსჯავრდებული, ინდოეთის მოქალაქეების ცემის გარდა, სხვა მუხლებით წარდგენილ ყველა ბრალს უარყოფს. მისი თქმით, ინდოეთის მოქალაქეებს მისგან ფული ჰქონდათ წაღებული და არ უბრუნებდნენ. სირაძის თქმით, როცა ფულის გამოსართმევად მათ სახლში მიაკითხა, ძალიან აგრესიული სიტუაცია დახვდა და იძულებული გახდა თავი დაეცვა. თეა სირაძე ადასტურებს, რომ ხუთი ინდოელი კაცი ძლიერად სცემა, თუმცა სხვა მუხლებით წარდგენილი ყველა ბრალს უარყოფს.

pia.ge
читайте также