ოფიციალური ბაქოს პასუხი რუსეთს: თავად გადავწყვეტთ ვის შემოვუშვებთ ქვეყანაში

რუსეთის საგარეო უწყების განმეორებითი მითითება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხური წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებისთვის შესლვლის აკრძალვასთან დაკავშირებით გაუგებარია და გაოცებას იწვევს.
ოფიციალური ბაქოს პასუხი რუსეთს: თავად გადავწყვეტთ ვის შემოვუშვებთ ქვეყანაში

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის განცხადებას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ტურანი“ ავრცელებს.

„ასეთი არამეგობრული დამოკიდებულება არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის არსს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „აზერბაიჯანულმა მხარემ სომეხი ეროვნების რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის პირობები შექმნა წინასწარი გაფრთხილებისა და ინფორმირების რეჟიმის საფუძველზე“.

„დღემდე ამ პირობებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ასობით სომეხი ეროვნების ადამიანი იყო დაშვებული რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ „აზერბაიჯანი საკუთარი უსაფრთხოებისა და ეროვნული ინეტერესებიდან გამომდინარე თავად წყვეტს უცხო ქვეყნების მოქალაქეების საკუთარ ტერიტორიაზე დაშვების საკითხს“.

„რუსეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის ერთ–ერთი თანათავმჯდომარეა და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რუსეთი, გამომდინარე მის მიერ ნაკისრი ვალდებულებიდან, უფრო მეტ ძალისხმევას მიმართავს კონფლიქტის დროულად მოგვარებისთვის და სომხური სამხედრო შენაერთები გავლენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. ამის შემდეგ გამოჩნდება მოქალაქეთა უთავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. აზერბაიჯანის ეს პოზიცია არაერთხელ მიეწოდა შესაბამისი ფორმით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყარაბაღის გაყინული კონფლიქტი, რომელიც 1988 წელს დაიწყო, ბოლო დღეების განმავლობაში უკიდურესად გამწვავდა. 2 დღის წინ აზერბაიჯანის ერთ–ერთ სოფელი სომხური მხრიდან დაბომბვის შედეგად ბებია და 2 წლის შვილიშვილი დაიღუპნენ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო მედიასა პოლიტიკურ წრეებში.

pia.ge
читайте также